მშობელთა სკოლა
იმისთვის, რომ ორსულობა სწორად წარიმართოს და სამყაროს ჯანმრთელი და განვითარებული პატარა მოევლინოს, აუცილებელია ორსულმა და მის ირგვლივ მყოფებმა, რაც შეიძლება მეტი იცოდნენ „ჯადოსნური“ ცხრა თვის შესახებ.
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ „მშობელთა სკოლა“ – ადგილი, სადაც მოუხარიათ მომავალ დედებს და არა მხოლოდ მათ! მშობელთა სკოლაში სიამოვნებით გვსტუმრობენ მომავალი მამებიც. აქ ისინი ემზადებიან თავიანთი პატარას დაბადებისთვის.
სემინარებზე ეცნობიან:
▪️ თუ რა ცვლილებები მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში ორსულობის პერიოდში
▪️ როგორ იზრდება და ვითარდება ნაყოფი თვეების მიხედვით
▪️ როგორია ორსულის კვების პრინციპები, წონის მატების ნორმები
▪️ ორსულის მოვლა და ჰიგიენა
▪️ ფიზიკური აქტივობა
▪️ მგზავრობა და სქესობრივი ცხოვრება
▪️ ორსულობისთვის დამახასიათებელი დისკომფორტი და მათი თავიდან აცილების მეთოდები
▪️ მშობიარობის შემდგომი მოვლა.
„მშობელთა სკოლაში“ მომავალი მშობლები ეცნობიან ახალშობილის ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, ჰიგიენური დამუშავების წესებს, ძუძუთი კვების მთავარ პრინციპებს და ლაქტაციისათვის ხელშემწყობ პირობებს. გარდა ამისა, მომავალი მშობლები წინასწარ იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ,,სითბური ჯაჭვი“, დედისა და ახალშობილის კანით-კანთან კონტაქტი, აგრეთვე, იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშობიარობაზე მამის დასწრებას. მომავალი მშობლები მშობელთა სკოლაში ეცნობიან იმ საშიშ ნიშნებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ბავშვის მოვლისა და ზრდა-განვითარების პროცესში.
თითოეული სემინარი გამდიდრებულია თემატური ვიდეომასალის ჩვენებით.
მნიშვნელოვანია ორსულის და მისი მეუღლის ფსიქოლოგიური მომზადება მშობიარობის პროცესისადმი. მომავალი მშობლები მშობიარობას უნდა ელოდებოდნენ არა შიშით, არამედ მომავალი სიხარულის მოლოდინით. მშობელთა სკოლა მათ ეხმარება, მომზადებული შეხვდნენ ამ საპასუხისმგებლო მომენტს.
მშობიარეს, რომელსაც „მშობელთა სკოლა“ აქვს გავლილი, მომზადებული ხვდება ამ საპასუხისმგებლო პროცესს და ნაკლებად არის დაძაბული. შესაბამისად, ტკივილის შეგრძნება მშობიარობის დროს საგრძნობლად მცირდება.
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“ ჩართულია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამაში – მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისათვის. პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენს აჭარაში რეგისტრირებული ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მონაწილე ორსული (ან მისი მეუღლე) რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით. ასევე თუ ორსული ან მეუღლე არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე.
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ „მშობელთა სკოლა“ ღიაა ყველა მომავალი მშობლისთვის.
მშობელთა სკოლას ხელმძღვანელობს მეან-გინეკოლოგი, ქალთა კონსულტაციის უფროსი – ხათუნა სამნიძე.