
მრავალჯერადი გულის გაჩერების შემდეგ მელოგინე პაციენტის წარმატებული მართვის შემთხვევა
ქეთინო ბოლქვაძე, 33 წლის
მრავალჯერადი გულის გაჩერების შემდეგ მელოგინე პაციენტის წარმატებული მართვის შემთხვევა ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“
ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ მეან-გინეკოლოგიის, ემერჯენსის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის, ქირურგიის, ჰემოტრანსფუზიოლოგიის, ლაბორატორიული, კარდიოლოგიური და რადიოლოგიური მიმართულებების მულტიდისციპლინური და კოორდინირებული მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა უკიდურესად მძიმე მელოგინე პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება და გამოჯანმრთელებული ბინაზე გაწერა.
33 წლის პაციენტი, მესამე ორსულობის, დროული გესტაციური ვადის და სასწრაფო საკეისრო კვეთის შემდგომ, სხვა კლინიკიდან სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ბრიგადის მიერ გადმოყვანილ იქნა კრიტიკულ მდგომარეობაში. კლინიკური სურათი მოიცავდა ჰემორაგიულ შოკს, მწვავე სუნთქვის უკმარისობას, ორმხრივ ჰემოპნევმოთორაქსს, პოლიორგანულ უკმარისობასა და პროგრესირებად პოსტჰემორაგიულ ანემიას.
შემთხვევა განვითარდა კვირა დღეს. მიუხედავად დასვენების დღის სტატუსისა, მორიგე ემერჯენსოლოგიური, რეანიმაციული, ჰემოტრანსფუზიული და მეან-გინეკოლოგიური გუნდების დაუყოვნებელმა და კოორდინირებულმა მოქმედებამ საფუძველი ჩაუყარა პაციენტის ინტენსიურ მართვას. პარალელურად განხორციელდა კლინიკის სრული მობილიზაცია და პროცესში ჩაერთნენ შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელები – მეანობა-გინეკოლოგიის, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის, ქირურგიისა და ჰემოტრანსფუზიის სფეროდან, რამაც უზრუნველყო კრიტიკული მდგომარეობის სისტემური და მაღალპროფესიული მართვა.
ჩატარებულმა ლაბორატორიულმა და რადიოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა მიმდინარე შიდა სისხლდენა აქტიური ექსტრავაზაციის კერებით. მიღებული კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემების საფუძველზე, პროფესორ ჯუმბერ უნგიაძის ინიციატივით, კონსილიუმის გადაწყვეტილებით განხორციელდა სიცოცხლის შემანარჩუნებელი გადაუდებელი განმეორებითი ქირურგიული ჩარევა.
პროფესორ ჯუმბერ უნგიაძის კლინიკურმა გამოცდილებამ და ოპერატიულმა გადაწყვეტილებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებაში. ოპერაციული პროცესის ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფა განხორციელდა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ გიორგი ესეფიძის მიერ.
ოპერაციის შემდგომ პაციენტი მოთავსდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის გუნდის მიერ განხორციელდა ჰემოდინამიკის ინტენსიური სტაბილიზაცია, ინოტროპულ-ვაზოპრესორული მხარდაჭერა, რესპირატორული მართვა და სასიცოცხლო ორგანოთა ფუნქციის უწყვეტი მონიტორინგი.
მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით განმეორებით ჩატარდა მულტიდისციპლინური კონსილიუმი და პროცესში ჩაერთო კრიტიკული მედიცინის ექსპერტი პროფესორი ილია ნაკაშიძე. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა ნაადრევი ტრაქეოსტომია.
ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შორენა ფოცხიშვილის ხელმძღვანელობით, ინტენსიური თერაპიის მართვა ხორციელდებოდა სისტემურად ორგანიზებულ, კლინიკურად დასაბუთებულ და მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში. დეპარტამენტის მიერ უზრუნველყოფილი 24/7 მზადყოფნა, მკაფიო კლინიკური ალგორითმები და გუნდური სინქრონიზაცია გახდა პაციენტის ჰემოდინამიკური სტაბილიზაციისა და სიცოცხლის შენარჩუნების ძირითადი საფუძველი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია რეანიმაციის, საოპერაციო ბლოკის, ჰემოტრანსფუზიის, ემერჯენსისა და ქირურგიის ექთნების, პროფესიული წვლილი, რომელთა უწყვეტმა დაკვირვებამ და ინტენსიური მოვლის მაღალმა სტანდარტმა უზრუნველყო მართვის პროცესის უსაფრთხოება და ეფექტიანობა.
აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კრიტიკული მდგომარეობის მქონე პაციენტების მართვაში ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტი წარმოადგენს კლინიკის ცენტრალურ და სტრატეგიულ რგოლს. ინტენსიური თერაპიის უწყვეტი მზადყოფნა, გუნდური კოორდინაცია და პროფესიული გადაწყვეტილებების სიზუსტე ქმნის იმ სისტემურ საფუძველს, რომლის პირობებშიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობების წარმატებული მართვა შესაძლებელია. კლინიკა „მედინა“-სთვის რეანიმაცია არის კრიტიკული მედიცინის ბირთვი, სადაც ყოველი წუთი გადამწყვეტია.
აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს ქირურგიული ლიდერობისა და ინტენსიური თერაპიის პროფესიული სინერგიის მაგალითს, სადაც გამოცდილება, დროული გადაწყვეტილებები და მულტიდისციპლინური კოორდინაცია ერთიან სისტემად გარდაიქმნა ახალგაზრდა დედის სიცოცხლის გადასარჩენად.