8 მარტი ახალშობილი ტყუპების დედას მიულოცეს

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ კლინიკურმა დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად ქალთა საერთშორისო დღე ტყუპი ახალშობილების დედას, მაკა ჭელიძეს მიულოცა.

ხატია და მარიამ კეკელიძეები დედასთან ერთად კლინიკიდან უკვე გაეწერნენ.

„მოხარული ვარ, რომ ტყუპების გაჩენა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოგვილოცა. უკვე ოთხი შვილის დედა ვარ. ხატიას და მარიამს სახლში 7 და 10 წლის და ძმა ელოდება“, – აღნიშნა ტყუპების დედამ.

აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამას. პროგრამის ფარგლებში კეკლიძეების ოჯახს 2000 ლარი გადაეცემა.

,,დღეს, სიმბოლურად, ქალბატონს მივულოცეთ ტყუპი ქალიშვილების შეძენა. ისინი რა თქმა უნდა, ჩვენი პროგრამის ფარგლებში მიიღებენ მატერიალურ დახმარებას. ზოგადად, მშობლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ტერიტორიაზე, ტყუპების შეძენის შემთხვევაში, 6 თვის ვადაში უნდა მომართონ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დოკუმენტებით და ისარგებლონ პროგრამით”- აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

სამინისტრო პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს, მიმდინარე წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 13 ოჯახმა, დაიბადა 26 ტყუპი. 2022 წელს პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 150 000 ლარს.