აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი “მედინაში”
დღეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” ხელმძღვანელებს, ექიმებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ნინო ნიჟარაძემ სამინისტროს პროგრამების მიმდინარეობაზე და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.
ჯანმრთელობის ცენტრ “მედინა” ახორციელებს აჭარის ჯანდაცვი სამინისტროს შემდეგ პროგრამებს: ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები, მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, სახსრების ენდოპროთეზირება, გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება.
შეხვედრის დასრულბის შემდეგ მინისტრმა ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” პერინატოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ახალშობილთა მიმარულების ხელმძღვანელს, ნატო გორგაძეს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხში შეტანილი წვლილისათვის სიგელი გადასცა.
ნატო გორგაძეს სამედიცინო საქმიანობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. განათლება მიღებული აქვს საქართველოს და უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
„მედინას” ახალშობილთა რეანიმაციში მიმდინარეობს დღენაკლული და სხვა პრობლემების მქონე ახალშობილების გამოზრდა და განვითარების მეთვალყურეობა.
რეანიმაცია აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და ტექნიკით, რაც ახალშობილთა პათოლოგიების და ღრმა დღენაკლული ახალშობილების მართვის საშუალებას იძლევა.
“მედინას” დედათა და ახალშობილთა მოვლის სუბსპეციალიზებული, ყველაზე მაღალი, მესამე დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი აქვს მინიჭებული.