ორსულ და მეძუძურ ქალებში ტყვიის კვლევა
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა მიმდინარე წელსაც ხორციელდება.
უფასო სკრინინგ პროგრამა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროგრამის შესახებ დღეს ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ ,,მედინაში“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მარი ზანაქიძემ და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა მეან-გინეკოლოგებთან შეხვედრა გამართეს. განიხილეს გასული წლის შედეგი, ადგილზე გაეცნენ ორსულთა კონსულტირების და ასევე ანალიზის აღების პროცესს.
,,ჩვენი დაწესებულება იკვლევს ორსულ ქალებში ტყვიის ექსპოზიციის დონეს და სამწუხაროდ მაღალი სიხშირით ფიქსირდება ორსულებში ტყვიის შემცველობა. ფაქტის კონსტანტაციასთან ერთად, დავიწყეთ სიღრმისეული კვლევაც, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაწარმოებთ მკურნალობას ორსულობის პროცესში, რომ თავიდან ავიცილოთ მავნე ზეგავლენა არამარტო დედაზე, არამედ ნაყოფზე, ვცდილობთ დავადგინოთ ორგანიზმში ტყვიის მომატების წყაროც“,- აღნიშნა “მედინას” კლინიკურმა დირექტორმა, მეან-გინეკოლოგმა, ჯუმბერ უნგიაძემ.
დღეს კლინიკაში განმეორებით უფასო კვლევა ჩაიტარა 38 კვირის ფეხმძიმე, სოფიკო კახაძემ.
,,პირველი კვლევა 12 კვირის ფეხმძიმობის პერიოდში გავიკეთუ, მაჩვენებელი იყო 4. განმეორებით დღეს ჩავიტარე, ანალიზის პასუხის შემდეგ ველოდები თუ რა რჩევას მომცემს ექიმი“, – აღნიშნა ორსულმა.
პროგრამის მოსარგებლე ორსული და მეძუძური დედა აუცილებლად უნდა იყოს აჭარის მკვიდრი.